5-12 ივლისი 2010

იაკობ ჯუღაშვილი (ი.ბ.სტალინის შვილთაშვილი):

ფაშისტ ლიბერალებს თუ დემოკრატებს დღესაც ეშინიათ სტალინის, რადგან ჰგონიათ, რომ უფუნქციო სამუზეუმო ექსპონატიდან, ის საბოლოოდ მაინც შეძლებს გარდაიქმნას იმ საბრძოლო სახელმძღვანელოდ, რომელიც მათი ბატონობის წინააღმდეგ გამოდგება.


რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჰიტლერისა და ჰებელსის საქმის გამგრძელებლებს ქართველ ხალხთან, რომელმაც ფაშიზმის დამარცხების საქმეში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა?


- როგორი იყო თქვენი რეაქცია გორში, სტალინის ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით?

- ადრე თუ გვიან, ანტიხალხური ელიტის მმართველობის პირობებში ეს უნდა მომხდარიყო. თუ გახსოვთ, მავზოლეუმიდან სტალინის ცხედარიც ღამით გაიტანეს. ქართველ ხალხს და ამ ელიტას არაფერი აქვთ საერთო. ცხადია, რომ სტალინის ძეგლის დემონტაჟი სხვა არაფერია, თუ არა ანტისტალინიზმის ერთ-ერთი გამოვლინება, რომლითაც ჩვენი ელიტა ტრაბახობს კიდეც.

სინამდვილეში, რა არის ანტისტალინიზმი? ანტისტალინზმი არის ფაშიზმის ერთ-ერთი იდეოლოგია, რადგან იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა მაშინ, როცა 1945 წელს, საბჭოთა კავშირმა დასავლური ფაშიზმი დაამარცხა. ანტისტალინიზმი არის დამარცხებული დასავლური სამყაროს რევანშისტული იდეოლოგია, რომელიც მიზნად ისახავდა სტალინის განადგურებას.

სტალინის მკვლელობის შემდეგ კი სსრკ-ს განადგურებას, საბჭოთა ხალხების რაოდენობის მკვეთრად შემცირებას და მონებად ქცევას. ანუ ყველაფერ იმას, რაზეც ოცნებობდა ჰიტლერი. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჰიტლერისა და ჰებელსის საქმის გამგრძელებლებს ქართველ ხალხთან, რომელმაც ფაშიზმის დამარცხების საქმეში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა?

- სტალინს ასე თავგამოდებით მხოლოდ იმიტომ იცავთ რომ ის თქვენი წინაპარი იყო?

- ნათესაური კავშირი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მინდა მოგახსენოთ, რას ნიშნავს ჩემთვის ანტისტალინისტი და მაშინ გახდება გასაგები ჩემი პოზიცია.

ანტისტალინისტი არის ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა ხელისუფლებაში, მაგრამ ქვეყნის მართვა არ შეუძლია და არც უნდა, რადგან ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოითხოვს განათლებასა და საკუთარ თავზე ყოველდყიურ მუშაობას, სწავლასა და არა რესტორნებში ქეიფს და დროსტარებას.

ანტისტალინისტისთვის ხელისუფლებაში მოსვლა ლოტოტრონიდან მომგებიანი ლატარიის ბილეთის ამოღებას ნიშნავს. იგი თავს ეკონომისტს უწოდებს, თუმცა ქვეყნის სამართავად უცხოელი ეკონომისტების მიერ დაწერილ პროგრამებს იყენებს. მან თავის დროზე, ქვეყნის სიმდიდრეები ჩალის ფასად ჩაიგდო ხელხი და ჯართად გაყიდა თურქეთში . ახლა კი, ისინი მეცენატებად და ერის ღირსეულ მამულიშვილებად გვევლინებიან.

ანტისტალინისტი მოდის ხელისუფლებაში, მაგრამ ვერ აგებინებს ხალხს, რისთვის მოდის. ამიტომ ის ქირაობს დასავლურ პიარკომპანიებს და ისინი კარნახობენ მას, როგორ უნდა ელაპარაკოს საკუთარ ხალხს. ანტისტალინისტს, თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია იდეოლოგიის რანგში აჰყავს, რადგან სხვა ფასეულობა, გარდა თავისი სექსუალური ორიენტაციისა, არ გააჩნია. ანტისტალინისტი არის ადამიანი, რომელიც უპირობოდ აღიარებს დასავლეთის ბატონობას, თუმცა ამას ეროვნულობაზე დღედაღამ საუბრით ნიღბავს...ის აცხადებს, რომ ქართველი კაცი ყველაზე ნიჭიერია, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ ქართველი კაცი, გარდა ქეიფისა და დროსტარებისა, არაფრისთვის ვარგა.

შესაბამისად, მიაჩნია, რომ ქართველებმა არც კი უნდა იოცნებონ, თუნდაც საუკეთესო ტექნოლოგიური დანადგარების, თუ ახალი ფილოსოფიის შექმნაზე, რევოლუციურ მიღწევებზე მეცნიერებაში, საზოგადოებრივ მოწყობაში და ასე შემდეგ.

მას ეშინია სტალინის შესახებ ღია კამათისა, რადგან იგი გონებრივი იმპოტენტია. ანტისტალინისტმა თავისი კარიერა ააწყო სტალინის ლანძღვაზე, მაგრამ არც კი იცის, თუ რა თანამდებობა ეკავა სტალინს, ვერ ანსხვავებს ერთმანეთისაგან ცეკასა და პოლიტბიუროს, და, რაღათქმა უნდა, იგი ვერასოდეს გაიგებს იმას, თუ როგორ შეიძლება იყო ბელადი, მაგრამ არ იყო დიქტატორი.

ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ მას სტალინის რომელიმე ნაშრომი აქვს წაკითხული. უბედურება ანტისტალინისტების არსებობაში არაა. უბედურება ის არის, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია და ისინი ყველაფერზე მოაწერენ ხელხს, რათa ხალხიც თავისნაირ იმპოტენტებად აქციონ.

უნდა ვაღიაროთ, რომ უკანასკნელი 57 წლის განმავლობაში ანტისტალინისტებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს. მე მხედველობაში მაქვს სტალინის მკვლელობის შემდგომი პერიოდი, რომლის დროსაც მოხდა სსრკ-ს კურსის და შინაარსის გამოფიტვა, სტალინის მიერ წამოწყებული რეფორმების აღკვეთა და ანტისტალინურმა სიცრუემ აიღო სტარტი.

- როგორია სტალინისტი თქვენი დახასიათებით, ყველა საუკეთესო თვისებებით შემკული?

- ჩემთვის სტალინისტი ნიშნავს ადამიანს, რომლისთვისაც არ არსებობს არაფერი შეუძლებელი და არის ხალხის მსახური.

- აღარ არის სტალინი , დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა მაინც გრძელდება...

- საბჭოთა კავშირი თვითონ არ დაშლილა - იგი დაშალეს. სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიო მასშტაბით გრძელდება და სულ უფრო აგრესიულ ფორმებს იძენს. ალბათ, გახსოვთ, ეუთოს საპარლამენტო კომისიის რეზოლუცია ნაციზმისა და სტალინიზმის შესახებ. ეს პროცესი გასცდა პოსტსაბჭოურ სივრცეს. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - დასავლური ცივილიზაცია მიექანება ახალი ჰიტლერისაკენ. კაცობრიობის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილისათვის სტალინი ხდება ამ მანკიერ მოვლენასთან ბრძოლის სიმბოლო. ანტისტალინიზმის დღევანდელი მიზანია, მსოფლიოში ანტიდასავლური, და, შესაბამისად, ანტიფაშისტური წინააღმდეგობის კერების განადგურება.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა დავუპირისპიროთ ახალ მსოფლიო ფაშიზმს?

- სტალინის მკვლელობიდან თითქმის 60 წელი გავიდა. ჩვენი ხალხის სამი თაობა აღიზარდა ანტიხალხური, ეგრედწოდებული კომუნისტური ელიტის მმართველობის პირობებში. სტალინის მკვლელობა, შემდგომ კი იმ ელიტის ანტიხალხური და დანაშაულებრივი ქმედებები (მაგალითად, მე-19 ყრილობის გადაწყვეტილებების საბოტაჟი პარტისს რეფორმის შესახებ, გერმანიის გაერთიანების პროცესის ჩაშლა, სპეცკომიტეტის გაუქმება და მისი თავკაცის, ბერია მკვლელობა და ა.შ) ითხოვდა შენიღბვას, და რაც მთავარია, საზოგადოებაში ყოველგვარი მსჯელობის თუ დისკუსიების აღკვეთას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ხალხის უმრავლესობის გონებრივმა დაქვეითებამ და თვითორგანიზების უუნარობამ შესაძლებელი გახადა პარტიული აპარატის მიერ ხალხის შექმნილი სიმდიდრის მითვისება. სსრკ ხომ ამ მიზნით დაშალეს, რომ ეს ქონება გადაენაწილებინათ და, შესაბამისად, ახალი ეროვნული კანონმდებლობების საშუალებით თავისთვის დაეკანონებინათ. რა ვქნათ? ჩვენ გვჭირდება იარაღი.

- ხალხს საბრძოლველად მოუწოდებთ?

- მე საბრძოლო იარაღს არ ვგულისხმობ. ჩვენი იარაღი ცოდნაა! ცოდნა ნამდვილ სტალინზე და არა ფაშისტურ-ტროცკისტული იდეოლოგების მიერ შექმნილ სტალინზე. როცა გვეცოდინება იმ პერიოდის მოვლენების რეალური სურათი, მაშინ იქნება გასაგები სტალინის მოღვაწეობის შინაარსი, მისი როლი და ადგილი იმ მოვლენებში. გასაგები გახდება მისი მკვლელობის მოტივები და, რაც მთავარია, ნათელი გახდება დღევანდელი უკიდურესად რთული და საშიში მდგომარეობის გასარკვევად.

ეკა ბუჩუკური

Share |