9 აგვისტო 2010

იაკობ ჯუღაშვილი:

”შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა ”პარტაპარატჩიკების” მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხერხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.”



იაკობ ჯუღაშვილი:

- ფაშისტები მსოფლიო საზოგადოებას ახვევენ აზრს, თითქოს 1939 წლის 23 აგვისტოს, სსრკ-ს და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება (შემდგომში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტად წოდებული) დაიდო სსრკ-ის ინიციატივით, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სსრკ - ს მთავრობა და პირადად სტალინი ანტიფაშისტური ბლოკის შექმნით იყვნენ დაკავებულები.

პოლონეთს, საფრანგეთს და ინგლისს მათთვის ხელი რომ არ შეეშალათ, მეორე მსოფლიო ომი არ გაჩაღდებოდა. გერმანიამ, პირველ მსოფლიო ომში, ორ ფრონტზე ბრძოლის მწარე გაკვეთილი მიიღო, ამიტომაც შეეცადა, იგივე შეცდომა აღარ დაეშვა. როცა საბჭოთა ხელისუფლებისათვის საბოლოოდ გახდა ცხადი, რომ ანტიფაშისტური ბლოკის შექმნა ჩაიშალა, მთავრობის თავმჯდომარე ვიაჩესლავ მოლოტოვი გერმანელებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას დათანხმდა და წინაპირობად წაუყენა სავაჭრო-საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვითაც, გერმანია ვალდებულებას იღებდა საბჭოთა კავშირისთვის 200 მილიონი მარკის ღირებულების მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებაზე (დანადგარები, მანქანები, ძრავები, ოპტიკა, ზუსტი მექანიზმები და ა.შ). ხოლო ჩვენ უნდა მიგვეწოდებინა ძირითადად ნედლეული (ხე-ტყე, ბამბა, ნახშირი და ა.შ). დღევანდელი ”პატრიოტი” ეკონომისტებისაგან განსხვავებით, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობა უცხოელი კრედიტების მონემად აქციეს, სტალინს უცხოური კრედიტის აღება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიაჩნდა საჭიროდ.

გარდა იმისა, რომ სავაჭრო ხელშეკრულების შედეგად საბჭოთა წარმოება თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, მას სხვა მნიშვნელობა გააჩნდა. გერმანელების მიერ მოწოდებული დანადგარების თითქმის 100%-ს არასტანდარტული, არასერიული წარმოების ტექნიკა შეადგენდა, ანუ პირობითად 1 000 მარკის ღირებულების შეკვეთის შესასრულებლად, გერმანია იძულებული იყო მინიმუმ 4-5 მაღალკვალიფიციური მუშა დაესაქმებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სტალინმა ამ ხელშეკრტულების დადებით გერმანია აიძულა შეეჩერებინა თავისი სამხედრო ძალების სწრაფი ზრდა, რადგან იძულებული გახდა პოტენციური ჯარისკაცები ქარხნებში დაეტოვებინა, არა მხოლოდ ჩვენი შეკვეთების შესასრულებლად, არამედ ჩვენ მიერ მიწოდებული პირველადი ნედლეულის დასამუშავებლადაც.

1941 წლის 22 ივნისს, სსრკ-ის საზღვრებს 5,5 მილიონიანი არმია მოადგა, რომელშიც გერმანელები 4,6 მილიონს შეადგენდნენ. რომ არა 1939 წლის სავაჭრო-საკრედიტო ხელშეკრულება, მტრის არმია გაცილებით მრავალრიცხოვანი იქნებოდა.

- თქვენ ფიქრობთ, რომ სტალინი კარგი ეკონომისტი იყო?

- სტალინი, დღევანდელი პარამეტრებით, ეკონომისტი არ ყოფილა. იგი სახელმწიფო მოღვაწე, კარგი მეურნე და, რაც მთავარია, ხალხის მსახური იყო. ”დამოუკიდებელი” საქართველოს ეკონომისტების 25-წლიანი მოღვაწეობის შედეგი კი თქვენთვისაც ცნობილია.

საბჭოთა ხალხს, დღევანდელი ქართველებისა თუ რუსებისგან განსხვავებით, მიაჩნდათ, რომ ცხოვრების აზრი სამართლიანობაშია.სტალინი დაუნდობლად ებრძოდა პარაზიტიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ამიტომაც შევძელით 30-ანი წლების მიწურულს, ისეთი ეკონომიკური და კულტურული ზრდისთვის მიგვეღწია, რომ ჩვენს შესაჩერებლად, დასავლეთმა თავისი ”ლაქია” ჰიტლერი დაგეგმილ დროზე ადრე მოგვიქსია, თუმცა მისგან მხოლოდ მისი ქვედა ყბა დავტოვეთ. 1947 წლისათვის სსრკ-ში გაუქმდა საბარათო სისტემა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე, ხოლო 1952 წლისათვის, იგი მოხმარებიდან ამოიღეს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ 1957 წელს სსრკ-მა პირველმა გაუშვა ხელოვნური თანამგზავრი, ხოლო 1961 წელს პირველი ადამიანი , იური გაგარინი კოსმოსში გაფრინდა.

- კოსმოსური ერა ხომ ხრუშჩოვის დროს დაიწყო?

- სტალინის მკვლელ და ხელისუფლების უზურპატორ პარტიულ აპარატს, ხრუშოვის მეთურობით, არაფერი აქვს საერთო სსრკ-ის კოსმოსურ და სხვა ინოვაციურ პროექტებთან. ანტისტალინური კამპანიის ერთ-ერთი შედეგი ისიცაა, რომ დღემდე ხალხს არც კი სმენია მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეცკომიტეტის არსებობაზე, რომლის მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბირთვული იარაღის შექმნა და კაცობრიობისათვის კოსმოსური ერის დაწყება. კომიტეტს ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია და ამ სტრუქტურაში იყო გაერთიანებული სამი მთავარი სამმართველო: პირველი იყო დაკავებული ბირთვული და თერმობირთვული იარაღის შექმნით, მეორე - ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა, ახალი ტიპის, ტრანსპორტირების საშუალებებით, მესამე კი ამუშავებდა იმ დროისთვის მართლაც რევოლუციურ პროექტს, მართვის ავტომატიზებულ სისტემას - იმავე კომპიუტერს.

სპეცკომიტეტს სავსებით სამართლიანად უწოდებენ პარალელურ ხელისუფლებას (ეგრედ წოდებულ ”ინოვაციურ ოპრიჩნინას” инновационная опричнина), რადგან მის დანიშნულებას მარტო ინოვაციების შექმნა-დანერგვა არ წარმოადგენდა. მისი განადგურებით იყო დაინტერესებული სსრკ-ის პარტიული აპარატი, დასავლური ფინანსური, იგივე ფაშისტური სამყარო.

სავარაუდოა, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა ”პარტაპარაჩიკების” მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო. თავისთავად ცხადია, რომ მაშინდელი სსრკ-ის მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა იმდროინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების ტიპი, უნიკალური მმართველობა და სტალინის უშუალო როლი ქვეყნისთვის იმ ისტორიულ მომენტში. შეგახსენებთ, რომ სტალინს , 1941 წლამდე სახელმწიფოში არანაირი თანამდებობა არ ეკავა, ხოლო თუ მისი აზრებს ქვეყნის ხელმძღვანელობა იზიარებდა , ეს მხოლოდ მისი გონებრივი პოტენციალის დამსახურება იყო.

- მაინც რა იყო სტალინის ძირითადი მიზანი?

- სტალინის ცხოვრების მიზანი იყო სსრკ-ის ჭეშმარიტი დამოუიკედებლობა და სსრკ-ის ხალხების უმრავლესობის ღირსეული ცხოვრება. სტალინი ამ მიზანს უცხოურ სიტყვას - კომუნიზმს უწოდებდა და საკუთარ თავსაც კომუნისტად მიიჩნევდა. დიდი სამამულო ომის შედეგებმა დაადასტურა, რომ კაცობრიობის ისტორიაში სსრკ-ში ჩამოყალიბდა აქამდე არნახული საზოგადოება, თავისი პროგრესული შინაარსითა და უნკალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობის თვალსაზრისით. სტალინის ინიციატივით, სსრკ-ში გაიმართა საკავშირო მაშტაბის დისკუსია სსრკ-ის შემდგომი განვითარების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ, რომლის შედეგებიც პოლიტეკონომიის ახალ სახელმძღვანელოში უნდა ასახულიყო (ამგვარი დისკუსიები ყოველთვის იმართებოდა სსრკ-ში, როცა საქმე ეხებოდა ძირეულ ცვლილებებს, როგორც, მაგალითად, იყო კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია) სტალინმა ზემოაღნიშნულ დისკუსიაში უშუალო მონაწილეობა მიიღო და 1952 წელს გამოქვეყნდა მასალების კრებული სახელწოდებით ”სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები საბჭოთა კავშირში”,სადაც თავმოყრილია სტალინის ნააზრევი და მისი მიმოწერა დისკუსიის სხვადასხვა მონაწილესთან. მე მინდა მოგიყვანოთ ერთი ფრაგმენტი ამ უნიკალური ნაშრომიდან, რომელსაც ხშირად, სამართლიანად, სტალინის ანდერძსაც უწოდებენ:

“…იმისათვის, რომ მოვახდინოთ ნამდვილი და არა დეკლარაციული გადასვლა კომუნიზმში, საჭიროა განვახორციელოთ სამი ძირითადი წინაპირობა მაინც: ... აუცილებელია მივაღწიოთ საზოგადოების ისეთ კულტურულ ზრდას, რომელიც საზოგადოების ყველა წევრისათვის უზრუნველყოფდა მათი ფიზიკური და გონებრივი უნარის ყოველმხრივ განვითარებას, რათა საზოგადოების წევრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ საკმაო განათლება იმისათვის, რომ გახდნენ საზოგადოებრივი განვითარების აქტიური მოღვაწენი, შრომის არსებული დანაწილების გამო, მთელ სიცოცხლეში მიჯაჭვულნი კი არ იყვნენ ერთ რომელიმე პროფესიაზე, არამედ თავისუფლად აირჩიონ პროფესია...”

ეკა ბუჩუკური

Share |