11-18 ნოემბერი 2010

იაკობ ჯუღაშვილი:

”ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ჩვენი უბედრუბების სათავე ხელისუფლების უპასუხისმგებლობაშია!”



იაკობ ჯუღაშვილი:

თუ ყოფილა ვინმე იმის მოწმე, რომ ავტობუსის მძღოლი რეისის გასვლის წინ მგზავრობისთვის განეცხადებინოს, რომ ის პასუხისმგებელია მგზავრების უსაფრხოებასა და დანიშნულების ადგილამდე მიყვანაში და რაც მთავარია, ეს მას გაცნობიერებული აქვს. დარწმუნებული ვარ ასეთ სცენას არავინ შესწრებია. არადა საქართველოში დღეს მრავლად არიან ის ადამიანები, რომლებიც ტელე თუ სხვა მედიასაშუალებებით დღედაღამ ტრაბახობენ და არწმუნებენ საქართველოს მოსახლეობას საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ.

მხედველობაში მყავს პოლიტიკოსები, როგორც ხელისუფლებაში მყოფნი, ასევე მის გარეთ დარჩენილნი.

მძღოლს, ექიმს, თუ სხვა პროფესიის ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი აუცილებლად დაისჯება კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელით. რაც შეეხება პოლიტიკოსების ვალდებულების შეუსრულებლობას, მათთვის არანაირი სასჯელი არ არსებობს. დღეს როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე უპასუხისმგებლო კატეგორიას! როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მოღვაწეობის მიზანი არ არის განსაზღვრული საქართველოს ძირითადი კანონით -კონსტიტუციით! რადგანაც არ არის მიზანი განსაზღვრული, შეუძლებელია დასაჯო ხელისუფლება ამ მიზნის მიუღწევლობის გამო.

მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 პუნქტი:

”საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი”.

ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტიც და პარლამენტიც ხალხის ქვეშემდგომები არიან-ხალხი ქირაობს თავის სამსახურში პრეზიდენტსაც და პარლამენტსაც და ხელფასსაც უნიშნავს. როგორც ნებისმიერ ორგანიზაციაში ხელმძღვანელს გააჩნია უფლება წაახალისოს ან დასაჯოს ქვეშემმდგომი ასევე ხალხს უნდა გააჩნდეს ასეთი უფლება. გააჩნია ხალხს იმის საშუალება, რომ დასაჯოს მის სამსახურში მყოფი პრეზიდენტი ან პარლამენტი ქვეყნის და ხალხის წინაშე აღებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო? არ შეუძლია. რადგან არ არსებობს ამის კანონიერი საფუძველი.

- თქვენ საზოგადოებას ხელისუფლების მოწყობის ახალ ინიციატივას სთავაზობთ?

ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითად მიზანს ხალხის, როგორც თანამედროვე ასევე მომავალი თაობების, ფიზიკური და სულიერი ცხოვრების გაუარესებისაგან დაცვას წარმოადგენს.პრეზიდენტს და პარლამენტს ეკისრებათ ჩვენი ფიზიკური და სულიერი ცხოვრების გაუარესების დაცვის საქმის ორგანიზება კანონების შექმნით და მათი აღსრულების სახით.

ხალხი ხელისუფლებას ირჩევს გარკვეული ვადით, ვადის გასვლის და ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ხალხმა უნდა გამოუტანოს ხელისუფლებას ვერდიქტი. ხალხი ამ შემთხვევაში ნაფიცმსაჯულთა კოლეგიას უნდა წარმოადგენდეს და მისი ვერდიქტიც უფრო სამართლიანი იქნება.

- რატომ?

- რომლის მოსყიდვა ან შეშინება უფრო ადვილია - 12 ნაფიცმსაჯულისა თუ 3 მილიონი ამომრჩევლის?

- რა ვერდიქტზეა საუბარი?

- თუ ამომრჩეველი ჩათვლის, რომ პირadად მისი ცხოვრება ამ ხელისუფლების მუშაობის პირობებში გაუარესდა, მაშინ იგი საარჩევნო ბიულეტენში ხსენებული ვერდიქტის სამი ვარიანტიდან ირჩევს შემდეგს - ”ღირსია დასჯისა” ამ შემთხვევაში პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები მიდიან ციხეში ზუსტად იმ ვადით, რა ვადითაც ისინი იმყოფებოდნენ ხელისუფლებაში.

თუ ხალხი ჩათვლის, რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდა, მაშინ ვერდიქტი იქნება ასეთი - ”ხელისუფლება შეირაცხოს გმირებად”. ამშემთხვევაში პრეზიდენტი და პარლამენტის ყველა წევრი ავტომატურად ხდება საქართველოს გმირი, განსაკუთრებული მატერიალური და მორალური პრივილეგიების მინიჭებით.

თუ ამომრჩეველი ირჩევს ვერდიქტის მესამე ვარიანტს- ”წავიდეს შედეგის გარეშე”, პრეზიდენტიც და პარლამენტის წევრებიც თანამდებობებს ყოველგვარი შედეგების გარეშე ტოვებენ.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა - ამომრჩეველი აფასებს არა ცალკეული დეპუტატების, არამედ მთლიანი პარლამენტის მუშაობის შედეფს.

- თქვენ ახსენეთ, რომ პირველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში-”ღირსია დასჯის”, გამოდის,რომ პარლამენტი სრული შემადგენლობით მოხვდება ციხეში, მიუხედავად იმისა, დამნაშავეა თუ არა მისი ცალკეული წევრი. ხომ არ თვლით, რომ ეს არის ადამიანის უფლებების ყველა სახის დარღვევა ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კონვენციების მიხედვით?

- ვერდიქტს ექნება კანონიერი ძალა მხოლოდ მაშინ როცა მას მხარს დაუჭერს რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის ნახევარზე მეტი, ანუ დაახლოვებით, 1.5 მილიონი ადამიანი. თუ 236 ადამიანის(235 დეპუტატი + პრეზიდენტი) ციხეში გაშვება უფრო დიდი ბოროტებაა ვიდრე 1,5 მილიონი ადამიანის ცხოვრების გაუარესება, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ უფლებებისა თუ კონვენციების დარღვევის შესახებ...

პარლამენტში, რომელიც ხალხის საზიანოდ მუშაობს შეუძლებელია არსებობდნენ ”ცალკეული პატიოსანი დეპუტატები”. პატიოსანი კაცი აუცილებლად დატოვებს თავის მანდატს. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ჩვენი უბედურების სათავე ხელისუფლების უპასუხისმგებლობაშია!სავალალო მდგომარეობას ვერ გამოასწორებს ვერც ტელევიზორში, უფრო სწორედ, დებილიზატორში ”მოლაპარაკე თავების” დღედაღამ ყურება, ვერც გაუთავებელი და შედეგსმოკლებულ მიტინგებზე დგომა, ვერც პარტიების რიცხვის ზრდა და ვერც მათი ლიდერების ერთმანეთში ვაჭრობა-გარიგებები. რადგან პასუხისმგებლობა შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრული სასჯელის გარეშე საჭიროა:

საქართველოს კონსტიტუციას დაემატოს სტატია, რომელიც განსაზღვრავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოღვაწეობის ძირითად მიზანს და მეორე, საჭიროა კანონის მიღება - ”ხალხის სასამართლოს შესახებ” ზემოაღნიშნული დამატებების ამოქმედების უზრუნველსყოფად.

სტატიისა და კანონის მიღება უნდა მოხდეს ყველაზე დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით- რეფერენდუმით. რა თქმა უნდა ეს არ გახლავთ პანაცეა, მაგრამ მისი მოქმედების პირობებში სახელმწიფო სტრუქტურებში მკვეთრად შემცირდება ნაძირლების, მოლაყბეების, სახელმწიფო ქონების დამტაცებლების და ბრიყვების რიცხვი! ეს კანონი გზას გაუხსნის პოლიტიკასა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის სულ სხვა ტიპისა და გაქანების ადამიანებს. კანონს ”ხალხის სასამართლოს შესახებ” სხვა პოზიტიური მხარეც გააჩნია, გაიზრდება ამომრჩეველთა აქტიურობა, რადგან ხალხს გაუჩნდება იმის განცდა, რომ ის არის თავისი ქვეყნის რეალური ბატონ-პატრონი!

- თქვენ სახელმწიფოს მოწყობის საკმაოდ უცნაურ ფორმას სთავაზობთ მოსახლეობას, პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ აპირებთ?

ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელება საქართველოში მოახდენს ხელისუფლების რეალურ და არა დეკლარაციულ გადასვლას ხალხის ხელში. იმისათვის, რომ ეს იდეა ხალხში გავრცელდეს და შემდგომ, ჩატარდეს რეფერენდუმი პოლიტიკაში ჩემი ყოფნა არ არის აუცილებელი.

ეკა ბუჩუკური

Share |