2009

იაკობ ჯუღაშვილი:

”როცა რომელიმე ვაი-სტალინისტი აღმერთებს სტალინს, მე მესმის მისი...”



- შაშრშან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ფაქტობრივად გააიგივა ნაციზმი და სტალინიზმი. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- უფრო ლოგიკური იქნებოდა ან ”ნაციზმისა” და ”კომუნიზმის” , ან ”ჰიტლერიზმისა” და ”სტალინიზმის” შედარება, მაგრამ ჩვენ ხომ ფაშისტებთან გვაქვს საქმე!

რასიზმი, სოციალ-დემოკრატია და ფაშიზმი წმინდა დასავლური მოვლენებია და მათ ერთი ფესვი აქვთ. სოციალ-დემოკრატიის ”მამას”, ედუარდ ბერნშტეინს, მაგალითად მიაჩნდა, რომ ”ის ერები, რომლებიც არ იზიარებენ სოციალ-დემოკრატიის ფასეულობებს, არ არიან არსებობის ღირსნი”. დღეს, დასავლეთი, ამერიკის თაოსნობით, არის ჰიტლერის საქმის ღირსეული გამგრძელებელი და ამიტომ არ მიკვირს, რომ დასავლეთისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ სტალინი წარმოადგენს.

დასავლეთის ელიტა, ევროპარლამენტის ასამბლეის სახით, ამ დეკლარაციის მეშვეობით ცდილობს თავიანთი წინაპრების ჩადენილი დანაშაული, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება, გადაბრალოს საბჭოთა კავშირს და, შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის იურიდიული საფუძველი შექმნას...
არ გამიკვირდება, თუ ცოტა ხანში ჰიტლერი მოგვევლინება, როგორც ჰუმანისტი და განმათავისუფლებელი.

უნდა ითქვას, რომ ჰიტლერის სულიერმა შვილებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ საკითხში: სტალინი უკვე გამოაცხადეს ჯალათად და დამპყრობლად. მინდა გაგახსენოთ, რომ 1939 წელს ამერიკაში ჰიტლერი იყო გამოცხადებული წლის ადამიანად და მისი ფოტო ამშვენებდა ჟურნალ ”ლაიფის” პირველ გვერდს.

- მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში დიდი როლი საბჭოთა კავშირსაც მიუძღვის: ცნობილია, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპა გადაინაწილეს.

- 1939 წლის 23 აგვისტოს სსრკ-სა და გერმანიას შორის გაფორმდა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება და არა პაქტი, რომლის სრული ტექსტი დაიბეჭდა გაზეთ ”იზვესტაიასა” და ”პრავდაში” 24 აგვისტოს. საბჭოთა დიპლომატია მკვეთრად განასხვავებდა ერთმანეთისაგან ”პაქტსა” და ”ხელშეკრულებას”. ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას ეწოდა ”პაქტი” 18 სექტემბერს გერმანიასა და სსრკ-ს ერთობლივ კომუნიკეში პოლონეთის დაცემასთან დაკავშირებით, რადგან 23 აგვისტოს ხელშეკრულებამ იმ მომენტისთვის უფრო მნიშვნელოვანი სტატუსი მიიღო.

ჰიტლერისა და ჰებელსის სულიერი შვილები ქადაგებენ, რომ 23 აგვისტოს ხელშეკრულებას ახლდა ”საიდუმლო დამატებითი პროტოკოლი”(სდპ), რომლითაც, თითქოს გერმანია და სსრკ შეთანხმდნენ, ერთობლივად დაეპყროთ აღმოსავლეთ ევროპა. ყველაზე სასაცილო და, ამავე დროს, ამაზრზენი არის ის, რომ დღემდე ამ ნაძირლებს თვითონაც არ უნახავთ ამ ”საბუთის” ორიგინალი, თუმცა ძალიან უყვართ მისი ”ასლის” ციტირება.

”სდპ”-ის შესახებ პირველად გამოაცხადა საფრანგეთის მარიონეტული ფაშისტური ”ვიშისტური” მთავრობის საინფორმაციო სააგენტომ ”გავასმა” 1939 წლის 29 ნოემბერს. ამ განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ 1939 წლის 19 აგვისტოს პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინმა თითქოს დაასაბუთა ომის დაწების აუცილებლობა და 23 აგვისტოს გაფორმებულ შეთანხმებასთან ერთად ხელი მოეწერა ”სდპ”-ის. საქმე ის გახლავთ, რომ 19 აგვისტოს საერთოდ არ ყოფილა პოლიტბიუროს სხდომა.

ახლა კი მოდით, დავუშვათ რომ გერმანია და სსრკ მართლაც შეთანხმდნენ ერთობლივ სამხედრო ქმედებებზე აღმოსავლეთ ევროპაში. თუ ეს ასეა, რატომ არ გამოაცხადა საერთაშორისო თანაბეგობრობამ სსრკ აგრესორად ისევე, როგორც გერმანია? რა უშლიდა ხელს? საბჭოთა-ფინეთის ომის დროს, 1939 წლის ნოემბერში, სსრკ მსოფლიომ აღიარა აგრესორად. უფრო მეტიც! სსრკ ამის გამო გააძევეს ერთა ლიგიდან. რა მოხდა? საქმე ისაა, რომ არავითარი საიდუმლო გარიგება სსრკ-სა და გერმანიას შორის არ ყოფილა!

განვმარტავ. როცა 10 სექტემბერს პოლონელი ”მამულიშვილები” პრეზიდენტ მოსციცკის მეთაურობით გაიპარნენ თავიანთი ქვეყნიდან რუმინეთში, არა მხოლოდ თავად პოლონელები დატოვეს ბედის ანაბარად, არამედ დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის სლავური მოსახლეობაც. საბჭოთა კავშირი არ მოელოდა პოლონელების ამგვარ საქციელს, რადგან პოლონური არმია 1 სექტემბრის მდგომარეობით იყო გაცილებით ძლიერი, ვიდრე გერმანიის არმია.(ეს დასტურდება თუნდაც იმ ფაქტით, რომ პოლონეთში შეჭრისას, გერმანია მზად იყო დაეწყო მოლაპარაკებები პოლონეთთან. გერმანიის სახმელეთო ჯარების გენშტაბის მეთაური ფრანც ჰალდერი 7 სექტემბერს წერს თავის დღიურში ამ მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ.).
სსრკ-ს სასწრაფოდ უნდა ემოქმედა, რათა დაეცვა დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის მოსახლეობა. ამიტომ 10 სექტემბერს საბჭოთა მთავრობამ პოლონეთის ელჩს მოსკოვში მიმართა სპეციალური წერილით, რომელშიც სთხოვდა პოლონეთს, ნება დაერთო გაეტარებინა საბჭოთა ჯარი თავის ტერიტორიაზე სლავური მოსახლების დასაცავად. პოლონეთმა უპასუხოდ დატოვა ეს თხოვნა...
დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავს თანხმობას. შესაბამისად, 17 სექტემბერს საბჭოთა ჯარის მიერ დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის სლავური მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიების დაკავება იყო ყველა საერთაშორისო იურიდიული თუ სხვა ნორმების დაცვით განხორციელებული აქტი.

აქვე მინდა შევახსენო მკითხველს, რომ ერთი წლის შემდეგ - 1940 წლის 13 ნოემბერს, მოლოტოვი შენიშვნას აძლევს ჰიტლერს იმის გამო, რომ იგი იარაღის ძალით ცვლის ევროპულ რუკას, რაზეც ჰიტლერი პასუხობს:
”იარაღის ძალით ცვლილებების განხორციელება არ ყოფილა მოსკოვის შეთანხმების საგანი..”

თუ ”სდპ”-ის გამომგონებლებს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ჰიტლერს არ სცოდნია მოსკოვის ხელშეკრულების შინაარსი. ჰიტლერი იყო ტირანი, მაგრამ ”სდპ”-ის შემთითხვნელებისნაირი კრეტინი ნამდვილად არ ყოფილა. მე არ მაქვს საშუალება ამ ინტერვიუს ფარგლებში შევეხო ”სდპ”-ის ეგრედ წოდებული ”ასლის” სიყალბის ნიშნებს , რაც მას უხვად გააჩნია, ამიტომ ყველას ვისაც სიმართლის გაგება აინტერესებს, ვურჩევ გაეცნოს ალექსეი კუნგუროვის http://www.jugashvili.com/press/kungurov.html, არსენ მარტიროსიანის, იური მუხინის http://www.jugashvili.com/press/antiross_podlost.html და გროვერ ფერის (Gover Furr) http://www.jugashvili.com/press/did_the_ussr_invade_poland.html, http://www.jugashvili.com/press/geotime_furr.html ნაშრომებს ამ თემასთან დაკავშირებით.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ შარშან ”ნოვაია გაზეტას” წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დროს ჩვენმა მხარემ მოითხოვა მოპასუხისაგან, სასამართლოსთვის წარედგინა თუნდაც ”სდპ”-ის ასლი, რაზეც ჩვენ კატეგორიული უარი მივიღედ. ეს გასაგებია, რადგან მოპასუხეებს კარგად ჰქონდათ გაცნოიერებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს საბუთი აღმოჩნდებოდა სასამართლოში, ჩვენი მხარე დაუყონებლივ მოითხოვდა ექსპერტიზას. მინდა ვთქვა, რომ ”სდპ”-ის ”ასლის” აღიარებამ საბჭოთა ხელისუფლებაში ღიად მორვაწე მოღალატეების მიერ გახადა შესაძლებელი სსრკ-ის იურიდიულად დაშლა.

- პუტინმა სსრკ-ის დაშლას უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა..

- აი, ეს არის დღევანდელი რუსეთის ფედერაციის უბედურება, როდესაც ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ამბობს ამას და, ამავე დროს, უპირობოდ აღიარებს საბჭოთა კავშირის მოღალატეების და დამაქცევლების ტყუილს კატინისა და ”სდპ”-ის შესახებ. ეს ორი მითი ხომ სსრკ-ის განადგურების მიზნით შეიქმნა!

- თქვენი შეხედულება ჩვენს უახლეს ისტორიაზე და. კერძოდ, სტალინის შესახებ მკვეთრად განსხვავდება სხვა ”სტალინისტების” აზრისაგან...

- როცა რომელიმე ვაი-სტალინისტი აღმერთებს სტალინს, მე მესმის მისი, რადგან იგი სტალინში ხედავს უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლოს. მაგრამ სასაცილოა, როდესაც ანტისტალინისტები აღმერთებენ სტალინს. ისინი, თავისი მოკლე ჭკუისა და არაკეთილსინდისიერების გამო, ანიჭებენ სტალინს ზებუნებრივ თვისებებს, რათა როგორმე დაასაბუთონ ის მარაზმი, რომელსაც თვითონ ქადაგებენ. მაგალითად, მარაზმია თუ არა მათი ქადაგებანი იმის შესახებ, თითქოს სტალინის ბრძანებები, მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა, იყო სვალდებულო პარტიული თუ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის!სხვა არგუმენტით, გარდა სტალინის ღვთაებრივი ბუნებით, ამას ნამდვილად ვერ დაასაბუთებ.

დღევანდელი ვაი-სტალინისტების ცოდნა სტალინის და ზოგადად ჩვენი ისტორიის შესახებ არის უაღრესად არადამაკმაყოფილებელი. ეს გამოწვეულია უპირველესყოვლისა ხანგრძლივი ანტისტალინური კამპანიით, რომელიც იქნა წამოწყებული სტალინის მკვლელობის ორგანიზატორის, ხრუშჩოვის მიერ ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით და, რა თქმა უნდა, გამოწვეული ქართულად ნათარგმნი კომპეტენტური ლიტერატურის უქონლობით. ეს არის სხვა არფერი, თუ არა სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. ვაი-სტალინისტების ინტელექტუალური სიმხდალე, უვიცობა და ელემენტარული სიზარმაცე გზას უხსნის გაცილებით უფრო დაბალი დონის ინტელექტის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ეგრედწოდებულ ისტორიკოსებსა თუ ფილოსოფოსებს.

ეკა ბუჩუკური

Share |